ახალი ამბები

„თბილისი პრაიდი“: სოლიდარობა მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ გავრილოვის ამბებს

20 ივნისი, 2019 • 755
„თბილისი პრაიდი“: სოლიდარობა მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ გავრილოვის ამბებს

თბილისის პრაიდის კვირეულის საორგანიზაციო ჯგუფი ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციებს მხარს უჭერს.

„მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას“, — წერს „პრაიდი“.

ჯგუფის თანახმად, „დღეს, ღირსების მარშის მხარდაჭერა გასცდა ლგბტქი თემის უშუალო საჭიროებების მოთხოვნას და ის ჩვენი საზოგადოებსი ღირსების საკითხად იქცა“. მათივე განცხადებით, დღეს შეიძლება „ტოლობის ნიშანი დავსვათ“ შემდეგ ცვლადებს შორის:

  1. „პრორუსული პოლიტიკა = ჰომოფობიას, ძალადობას, ავტორიტარიზმს, კორუფციას;
  2. დემოკრატიისკენ სწრაფვა = ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და მატერიალური განსხვავებებისა თანასწორუფლებიანი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა“.

პრაიდი აკრიტიკებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, — რადგან „პარლამენტი თავს უფლებას აძლევს უმასპინძლოს რუს დეპუტატებს“ იმ დროს, როცა საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისინი „სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს“ ქმნიან, ისე რუსეთს:

„რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს არათუ ჩვენი დევნილი მოქალაქეების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. რუსეთში ლგბტქი საკითხებზე საუბარი კანონით ისჯება, ხოლო მოსკოვის პრაიდის გამართვის აკრძავა ვლადიმერ პუტინის პირად ახირებად რჩება დღემდე. რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ისევე ნადირობენ ლგბტქი ადამიაენებზე, როგორც კავკასიელ და განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე“, — წერს პრაიდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი