“უკვე თითქმის 7 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არანაირი პოლიტიკური პოსტი არ დამიწერია. მაგრამ ის რაც დღეს მოხდა საქართველოში შეუძლებელია ნორმალურმა, პატივმოყვარე ადამიანმა ურეაგიროდ დატოვოს”, – ამ განცხადებას სოციალური ქსელით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ავრცელებს.
“ამ მომენტში არ ვარ საქართველოში და სიბრაზისგან სად წავიდე არ ვიცი. ეს ის მომენტია როდესაც ყველანაირი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა განსხვავებები გვერდზე უნდა გადადოს ყველამ და ერთად დადგეს ამის გასაპროტესტებლად”, – აცხადებს გილაური.
თბილისში 19 ივნისს გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ღონისძიების მეორე დღე გახსნა ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.