ახალი ამბები

1 საათი მივცეთ კობახიძეს, გახარიას და გომელაურს გადადგომისთვის – ვაშაძე

20 ივნისი, 2019 • 1337
1 საათი მივცეთ კობახიძეს, გახარიას და გომელაურს გადადგომისთვის – ვაშაძე

“ერთი საათი მივცეთ [ირაკლი] კობახიძეს, [გიორგი] გახარიას და [ვახტანგ] გომელაურს გადადგომისთვის , – ეს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური აქცია და შეცდომაში არავინ უნდა შევიდეს.

მან უპასუხა აქციაზე გამომსვლელ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც თქვა რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია და ის არა ხელისუფლების შეცვლას, არამედ ზაქარია ქუცნაშვილისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხვა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. აქციაზე სხვებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

დემონსტრანტები პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. სამანქანო მოძრაობა შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი