ახალი ამბები

“გირჩი“: დღეს საპატრიარქოსთან ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკას გავაპროტესტებთ

20 ივნისი, 2019 • 1371
“გირჩი“: დღეს საპატრიარქოსთან ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკას გავაპროტესტებთ

პოლიტიკური პარტია “გირჩი“ დღეს, 20 ივნისს, საპატრიარქოსთან აქციას გამართავს. “გირჩში“ თქმით, აქციის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იქნება, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს საქართველოში საპატრიარქოს გავლით ატარებს.

“დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც უნდა ჩატარებულიყო პარლამენტში, ჰქვია “მართმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეა”. რუსეთის წარმომადგენელი ამ ღონისძიებაზე იყო რუსული სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. მან საპარლამენტო დარბაზში სპიკერის ადგილი დაიკავა და გამოსვლა რუსულად დაიწყო. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი არის საქართველოს საპატრიარქო.

ასეთი ტიპის ინსტრუმენტები რუსეთის ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი და ის მას ე.წ. “რბილი ძალის” ფარგლებში იყენებს და მისი მთავარი დამხმარე ძალა ამ საქმეში არის საპატრიარქო, საპატრიარქოს შიგნით გაბატონებული პრო-რუსული ძალები,“ – წერია “გირჩის“ განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით,  საპატრიარქოსთან აქციის გამართვის შემდეგ, 19:00 საათზე, უკვე საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ და დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.


საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

20 ივნისის სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს პარლამენტში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. საქართველოს ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს.

გავრილოვს დარბაზი დაატოვებინეს, თუმცა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, სად იმყოფება ის. უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, დაადასტურა, რომ ღონისძიება პარლამენტში აღარ გაგრძელდება, თუმცა არ დაუზუსტებია, სად განახლდება.

პარლამენტთან აქტივისტებმა აქცია გამართეს გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით, უშუალოდ პარლამენტის შენობაშიც შევიდა, შემდგომ, კი “რადისონთან“ გადაინაცვლა, სადაც, როგორც თავად განმარტავენ, გავრილოვი იმყოფებოდა.

დღეს, 20 ივნისს, 7 საათზე აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან აქციის გამართვას აპრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი