საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს გააჩნიათ კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობა, რომელსაც გააღრმავებს და კიდევ უფრო განავითარებს უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭო – ურთიერთობის ახალი ფორმატი – რომელიც ყოველ წელს საქართველოსა და თურქეთში მონაცვლეობით გაიმართება და მას ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ვაჭრობა. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის ინვესტიციების გაზრდის პოტენციალზე და იმ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, რაც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით იძლევა.
კოლეგა მინისტრთან შეხვედრის დროს განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა რეგიონული პროექტების მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა სამმხრივი (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თანამშრომლობის ფორმატს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზე და მოსკოვის ნაბიჯებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:
“ხაზი მინდა გავუსვა, რომ თურქეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. თურქეთი არ ცნობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის ეუთოს განცხადებებს.“
თურქ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.