“სამართლიანობისთვის” – ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ბესელიას პარტიაში

სასტუმრო ბილტმორში ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დღეს, 20 ივნისს, პირველ ყრილობას მართავს, სადაც აირჩიეს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისიის წევრები.

ბესელიას პარტიის დევიზია – სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა, პარტიის სიმბოლიკა და ლოგო კი თემიდა ხმლით ხელში.

პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე ეკა ბესელია აირჩიეს, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, პოლიტიკურ მდივნად – ზვიად კვაჭანტირაძე.

პოლიტიკური საბჭო ასე ჩამოყალიბდა:

  • გედევან ფოფხაძე,
  • ზვიად კვაჭანტირაძე,
  • ექიმი ჯავარი უგრეხელიძე,
  • ჯუმბერ თავართქილაძე,
  • პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულო იასე ზაუტაშვილი,
  • ვარლამ ხათრიძე,
  • თემურ მურვანიძე.

სარევიზიო კომისიის წევრები:

  • დევი ხვედელიანი,
  • ადვოკატი მირიან ნიკოლაძე,
  • ცირა ბურჯუა,
  • კოტე ჩაჩავა.

აღნიშნული საკითხები 350-მა დელეგატმა ერთხმად დაამტკიცა.

ზვიად კვაჭანტირაძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს პარტია იქნება ძალა, რომელიც “წარუძღვება დიდ გაერთიანებას და გახდება წინაპირობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის”. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მათი პარტია ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც გაიზიარებენ მათ მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს, ხოლო მიზანი “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლა იქნება.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ახალი პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფად გაწევრება იქნება. 

დელეგატებთან ერთად ღონისძიებას ესწერებიან ბესელიას გუნდის უცხოელი პარტნიორები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მათ შორის:

  • მომღერალი დათო ხუჯაძე,
  • ყოფილი სახალხო დამცველი ელენე თევდორაძე,
  • ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი,
  • პატრიოტთა ალიანსის წევრები ემზარ კვიციანი და ადა მარშანია,
  • ქართული ოცნების ყოფილი წევრები – კობა ნარჩემაშვილი, ვატო შაქარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.