ახალი ამბები

კობახიძე უნდა გადადგეს – “ევროპული საქართველო”

20 ივნისი, 2019 • 1311
კობახიძე უნდა გადადგეს – “ევროპული საქართველო”

“ევროპული საქართველო” პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. პარტია სწორედ კობახიძეს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტში მისვლასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო განცხადებით მიმართა მოქალაქეებს და მოუწოდა მათ, “განურჩევლად პარტიული სიმპათიისა”, აღნიშნული მოთხოვნით 20 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტთან მივიდნენ.

“ყველამ ერთად ვუთხრათ “არა” გავრილოვებს საქართველოს პარლამენტში”, – თქვა მან.

ბაქრაძის თქმით, თუ კობახიძე არ გადადგება, პარტია მისი გადაგომის მოთხოვნით იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

მანამდე, აღნიშნული მოთხოვნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამაც გაახმიანა და მხარდამჭერებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

“ყველანი უნდა მოვიდეთ არა მარტო პარლამენტთან, არამედ შენობაშიც უნდა შემოვიდეთ. დღევანდელი დღიდან ეს შენობა აღარ იწოდება ადმინისტრაციულ შენობად, ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. რა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო?! დეკლარირებული მოღალატე ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში”,  – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს.

გავრილოვს დარბაზი დაატოვებინეს, თუმცა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, სად იმყოფება ის. უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, დაადასტურა, რომ ღონისძიება პარლამენტში აღარ გაგრძელდება, თუმცა არ დაუზუსტებია, სად განახლდება ის.

რამდენიმე საათია, პარლამენტთან აქტივისტები აქციას მართავენ გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით, უშუალოდ პარლამენტის შენობაშიც შევიდა.

დაძაბულობის ფონზე, გავრილოვის ვიზიტი, ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაგმო.

ქუცნაშვილმა პარლამენტში დემონსტრანტს ტრანსფარანტი დაუხია

მასალების გადაბეჭდვის წესი