ახალი ამბები

სიძულვილის წინააღმდეგ თბილისში აქცია დაიგეგმა

20 ივნისი, 2019 • 1670
სიძულვილის წინააღმდეგ თბილისში აქცია დაიგეგმა

21 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია გაიმართება. “დროა – მშვიდობა ომზე მეტია!” – ეს იქნება შეკრების მთავარი მოწოდება, რომელზეც ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, როგორც თავად წერენ, საზოგადოებაში არსებულ სიძულვილსა და დაპირისპირებას გააპროტესტებენ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების რეაქცია აღნიშნულ ვითარებაზე არ ჩანს.

აქციის ორგანიზატორები არიან აქტივისტები, რომელთაც გასულ წელს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გასაპროტესტებლად, ამავე სახელწოდების მქონე დემონსტრაცია დაგეგმეს, ამავე მოედანზე.

ამჟამინდელი აქციის აღწერაში ვკითხულობთ:

“დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!

ამიტომ, მოგმართავთ ისევ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვისაც არ გვაინტერესებს პოლიტიკოსები, ორგანიზაციები, მხარეები, არ გვაქვს სხვა ინტერესები, გარდა ერთისა ვიცხოვროთ გამართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად და სიყვარულით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს სიძულვილი და დაპირისპირება, არ უნდა დავუშვათ ზიზღი ერთმანეთისადმი.

ამიტომ უკვე ხვალ, ანუ პარასკევს 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ჩვენ მივდივართ თავისუფლების მოედანზე რომ დავსვათ კონკრეტული კითხვები და უარი ვუთხრათ სიძულვილს და ძალადობას. არ დავუშვათ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება, ამიტომ გთხოვთ რომ შემოგვიერთდეთ, კლასელებს, მეგობრებს, მშობლებს, დედებს, ნათესავებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყანაში ცხოვრება”.

ორგანიზატორები კონკრეტული კითხვებითა და თხოვნებით მიმართავენ მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს:

ისინი ილია მეორეს მოუწოდებენ, მიმართოს მოძალადე ჯგუფებს, შეწყვიტონ “ძალადობა სარწმუნოების სახელით”;

მიმართავენ წმინდა სინოდს, შეუჩეროს მღვდელმსახურების უფლება ძალადობის მხარდამჭერ სასულიერო პირებს და გაარკვიოს საზოგადოება, რატომ ასოცირდებიან საქართველოს ეკლესიასთან მოძალადე ჯგუფები;

კითხვებით მიმართავენ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, რატომ არ ხდება სიძულვილთან ბრძოლა, არის თუ არა დაცული კონსტიტუცია და რატომ არ კეთდება არაფერი “საზოგადოების გახლეჩის თავიდან ასაცილებლად”;

აღწერის ბოლოს, ასე მიმართავენ ორგანიზატორები სპორტსმენებს – ტოჩინოშინს, ლაშა ტალახაძეს, ზაზა ფაჩულიასა და მამუკა გორგოძეს:

“თქვენ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ამ სიგიჟის დასრულება, მხოლოდ თქვენნაირი ადამიანებს შეუძლიათ დღეს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ძალადობა მიუღებელია და რომ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას”.

ორგანიზატორთა თანახმად, აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლა, გაჟღერდება მხოლოდ მოთხოვნები და წაიკითხავენ ზემოთ მოცემულ კითხვებს შესაბამისი ადრესატებისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი