ახალი ამბები

პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის – მელია

19 ივნისი, 2019 • 1660
პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის – მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისი პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა ღონისძიების ორგანიზატორებს რუსეთის სპეცსამსახურებთანაც ჰქონდეთ კავშირი. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას ისაუბრა.

იკითხება, დაადვილად პროგნოზირებადია, რაც მოხდება. მით უმეტეს – თუკი იქით ხელს აფათურებენ ჩვენი არამოძმე სახელმწიფოს სპეცსამსახურები, რატომ გამოვრიცხავთ, რომ აქეთ მხარესაც აფათურებდნენ. მით უფრო, ვიცით, რომ ნახევარი თემი არის წინააღმდეგი. ანუ, შიგნით ვერ შეთანხმებულან ჯერ”, – ამბობს მელია.

როგორც მელია ამბობს, ადამიანის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ძირითადი უფლება – გამოხატვის თავისუფლება. მისივე თქმით, ამავდროულად, ყველა მოძალადე ან ის ადამიანი, ვინც ქადაგებს ძალადობას და გამოირჩევა ძალადობის მუქარით, კანონით უნდა დაისაჯოს, მაგრამ:

მე მიმაჩნია, რომ უკვე პრაიდის ჩატარება არ არის ჩემთვის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ხედავ ხელისუფლება არ არსებობს ან თუ არსებობს რაღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც განსაკუთრებით ათწლეულების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, იმის იქითაც ძირგამომომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში. სად არის ამისი გარანტია? ჩემთვის პირადად იყო უკვე პრაიდი. რა, არ იყო? ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს? კანცელარის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა, გულახდილად ვთქვათ, განსხვავებული რამე შეიძლება მოხდეს? კვირეულია, თან. ერთი დღე კი არ არის…. მივლენ, მივარდებიან ისინიც, ვინც დავინახეთ, რასაც წარმოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი და იქნება აქედან გინება, აქედან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ამ ხელისუფლებამ. მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ, იგივე მოხდება ერთი-ერთში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს პრობლემა არ იყოს პრობლემა”.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ქუჩაში დევნას აღარ დაუწყებენ ლგბტ ადამიანებს, რის მაგალითადაც იეჰოვას მოწმეები მოჰყავს. მელია იხსენებს, რომ 1999 წელს საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ პარსავდნენ მათ თავებს გლდანში, ხოლო ახლა ენმ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეებს აღარ დევნიან.

ნიკა მელია ამ განცხადებების გამო ლევან ვასაძემ შეაქო.

ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა მელია, როგორც ველოდებოდით, გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ თბილისი პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. და ეს პროცესი მათში გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით, რომ თუკი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ამ უპრეცენდენტო ზეწოლას, რისი იმედიც მაქვს, გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიციელებისა, ასევე, გადმოვა ხალხის მხარეს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი