წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიზნით გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე იმუშავებენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ( წჯსკ) ინფორმაციით, გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა 2010 წელს წჯსკ-ს, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია ჰუმანიტარული ხასიათისაა. ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტები – არქეოლოგები, ანთროპოლოგები – პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში უკვე მესამე წელია მონაწილეობენ გათხრებისა და ექსჰუმაციის პროცესში.
2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.