ახალი ამბები

ლევან ვასაძესთან შეკითხვები უნდა ჰქონდეს სამართალდამცველ ორგანოებს – ომბუდსმენი

19 ივნისი, 2019 • 804
ლევან ვასაძესთან შეკითხვები უნდა ჰქონდეს სამართალდამცველ ორგანოებს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას აზრით, სამართალდამცველებს ლევან ვასაძის მიმართ კითხვები უნდა ჰქონდეთ.

“ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვფიქრობ, მასთან შეკითხვები უნდა ჰქონდეს სამართალდამცველ ორგანოებს, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგისთვის და უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი განცხადებები, რაც ნამდვილად წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და შეიცავს სერიოზული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ,  ჩემი რჩევა იქნება, რომ მის მიმართ შეკითხვები დასვას და ამ საკითხებზე იმუშაონ სამართალდამცველმა ორგანოებმა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა თუ მიზანია მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის და მათი უფლებების შეზღუდვა, ეს უკვე კრიმინალია. ლომჯარია იმედოვნებს, რომ შსს კრიმინალს ადეკვატურ პასუხს გასცემს.

კითხვაზე, იქნება თუ არა ომბუდსმენი ღირსების მარშზე, ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ ის იქნება ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.

“მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი