ახალი ამბები

Amnesty Internationa: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება

18 ივნისი, 2019 • 1408
Amnesty Internationa: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება

Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.

საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების უპრეცენდენტო მუქარა.


თბილისი პრაიდი ჩატარდება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა განცხადება დღეს გაავრცელეს.

“მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები,” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები გავრცელებულ განცხადებაში ხაზ უსვამენ, რომ მათ არაფორმალური დაჯგუფებები საფრთხეს უქმნიან, თუმცა, ამის ფონზე სახელმწიფო უმოქმედოა.

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ 17 ივნისს, შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენელმა აქტივისტებს უთხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემდნენ. თუმცა, პრაიდის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ორგანიზატორებს უნდა მიეღოთ.

გარდა ამისა, ლომჯარიას განმარტებით, შსს-მ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ღია სივრცეში პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვა ძალიან გაჭირდებოდა.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ უფლებათა აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი