უფლებამდაცვლი ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და მისი წარმომადგენელი, არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოში გუშინ, 17 ივნისს, დაკავებული აზერბაიჯანელი აქტივისტის, ავთანდილ მამედოვის უფლებებს დაიცავს.
როგორც ადვოკატი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პროკურატურამ კი 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ბრალი.
გარდა ამისა, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციითვე, 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელზეც განიხილება თავად მამედოვის სარჩელი მისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი თაღლითობისთვის და შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17 ივნისს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.
2017 წელს მემედოვმა საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას განცხადებით მიმართა საერთაშორისო დაცვაზე. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, როგორც შსს აცხადებს, “საფუძვლების არარსებობის გამო”. მამედოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.
შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე აზერბაიჯანელი აქტივისტი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იყოს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.
საქართველოს გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 17 მაისს მამედოვის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის უკვე საქართველოში იმყოფებოდა, აზერბაიჯანში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. მას ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ავთანდილ მამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, ისევე როგორც აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოში, აცხადებს, რომ რეალურად ეს არის იმ დევნის გაგრძელება, რომელიც მამედოვის უფლებადამცველობით აქტიურობას უკავშირდება.
თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.
2017 წლის მაისში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით დევნილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, რის შემდეგაც ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუძიებია ჟურნალისტის გატაცების საქმე.
ქართული მხარე აზერბაიჯანელ აქტივისტს, სავარაუდოდ, ბაქოს გადასცემს