ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: ეკლესია ჯერ თავის წიაღში უნდა ებრძოლოს „სოდომის ცოდვას“

17 ივნისი, 2019 • 2070
მიტროპოლიტი პეტრე: ეკლესია ჯერ თავის წიაღში უნდა ებრძოლოს „სოდომის ცოდვას“

მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ „თბილისის პრაიდის“ საწინააღმდეგო მოწოდება გაავრცელა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ „სოდომის ცოდვას ეკლესია ჯერ თავის წიაღში უნდა ებრძოლოს“. მან ჰომოფობიური ენით თქვა, რომ უნდობლად ეკიდება მოწოდებებს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ.

17 ივნისს მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ 1980-იან წლებში ზვიად გამსახურდიას მოწოდების მიუხედავად, ეკლესიამ „თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა“ ჰომოსექსუალობას.

მისივე თქმით, „საერო თუ სასულიერო ადამიანები“, რომლებიც დღეს ქვიარ უფლებების წინააღმდეგ იბრძვიან, „ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და კომფორმისტები არიან“. ამის გამო, ცაავა ამბობს, რომ მათ ნაკლებად ენდობა. ცაავამ ამ აზრის ჩამოყალიბებისას არაერთი ჰომოფობიური სიტყვა გამოიყენა.

ბოლო დღეებია, თბილისის პრაიდის წინააღმდეგ სხვადასხვა სამოქალაქო თუ საეკლესიო პირი ავრცელებს განცხადებებს სიძულვილის ენით. 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

უკანონო ფორმირებების შექმნა/მასში გაწევრება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს ვასაძის მოწოდებების პასუხად განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით. ვასაძეს მხარი არაერთმა სასულიერო პირმა დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი