ახალი ამბები

რ2-ის იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

17 ივნისი, 2019 •
რ2-ის იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე  გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს  გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, საქმეში სხვადასხვა ეპიზოდის ერთიანობა და მათი ქმედებების დანაშაულებრივი შეფასება უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ  სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2012 წლის 8 დეკემბერს, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საფუძველზე. 2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოძიების ინტენსიურად მიმდინარეობისა, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად, ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ – 14 ივნისს ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, “2019 წლის 16 ივნისს “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას”. აქიმიძე და დვალი ამ ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი