ახალი ამბები

შსს: დავიწყეთ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის ფაქტზე

17 ივნისი, 2019 • 1770
შსს: დავიწყეთ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.

ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“  – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

ამაზე პასუხად შსს-მ 17 ივნისს დილას განაცხადა, რომ „დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება“ და „საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა“.

შესაბამისად, – წერს შსს, – „როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება“.

ვასაძემ 16 ივნისის გამოსვლაში ახსენა ქვიარ აქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობაც, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია „უშიშროების ოფიცრებისგან“ ჰქონდა. შსს-ის განცხადებაში ამ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილზე გამოძიებას.

დააკლიკეთ, რათა ნახოთ, რას ითვალისწინებს სსკ-ის 223-ე მუხლი

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი