ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთისგან S-400 რაკეტებს ივლისში ელოდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემის მიღებას ივლისის პირველი ნახევარში ელოდება, — იუწყება თურქული მედიასაშუალება NTV. ამ ნაბიჯით, როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, სავარაუდოდ, თურქეთს დაეძაბება ურთიერთობა ვაშინგტონთან.

S-400 სისტემა ნატოს სისტემებთან შეთავსებადი არ არის და ბოლო თვეებია, ეს იარაღი თურქეთსა და აშშ-ს შორის კამათის საგანია.

აშშ-მა არაერთხელ გააფრთხილა თურქეთი, ნუ შეისყიდიდა რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემას. მაგალითად, მაიკ პენსმა აპრილში განაცხადა, რომ „თურქეთის მიერ $2.5-მილიარდიანი S 400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის რუსეთისაგან შესყიდვა წარმოადგენს დიდ საფრთხეს ნატოსათვის და ალიანსის სიძლიერისათვის“.

თურქეთის გადაწყვეტილება ვაშინგტონისა და ანკარის იმ შეთანხმებასაც ემუქრება, რომლის თანახმადაც, თურქეთმა აშშ-სგან  F-35 ტიპის 100 ცალი ავიაგამანადგურებელი უნდა შეიძინოს. 2018 წლის აგვისტოში კონგრესმა შეაჩერა თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება. შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის პილოტებს სპეციალური გადამზადება აშშ-ში უნდა გაევლოთ; საბოლოოდ კი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქეთი F-35-ების მესამე უმსხვილესი ოპერატორი უნდა გამხდარიყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com