ახალი ამბები

რაც ხდება გარშემო, ეს არის ძალადობა – ხოშტარია კანცელარიის აქციაზე

14 ივნისი, 2019 • 1130
რაც ხდება გარშემო, ეს არის ძალადობა – ხოშტარია კანცელარიის აქციაზე

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი მოვლენები ძალადობაა.

ხოშტარია ამბობს, რომ დღესდღეობით გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული.

“წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს სჭირდებოდეს ვინმეს ნებართვა, რომ გამოვიდეს და გამოხატოს თავისი აზრი. ნებისმიერ მოქალაქეს, აქ მოუნდება თუ სხვაგან, კონსტიტუცია აძლევს გარანტიას, რომ გამოვიდეს და რაც უნდა – ის თქვას. ის, რაც  ხდება გარშემო, ეს არის ძალადობა. ძალადობა ადამიანების წინააღმდეგ და სახელმწიფომ ეს ძალადობა უნდა აღკვეთოს, ეს ადამიანები [ჰომოფობური აქციის წევრები] აქედან უნდა გაიყვანოს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება.

მას შემდეგ, რაც მოხდა 17 მაისს, როდესც პირდაპირ სასულიერო პირები ურტყამდნენ სკამებს ადამანებს, მას შემდეგ მთავარი გაკვეთილი, რაც სახელმწიფოს უნდა გამოეტანა, იყო ის, რომ ძალადობა არცერთი ჯგუფის წინააღმდეგ არ უნდა ხდებოდეს…

დღეს კი ის განცხადება, რომელიც საპატრიარქომ გააკეთა და რომლის მიხედვითაც, თითქოს რომელიმე ჯგუფს აზრის გამოხატვა არ შეუძლია – რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ამ უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და არა რომელიმე ინსტიტუტი, მათ შორის, საპატრიარქო”, – ამბობს ელენე ხოშტარია.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი