ახალი ამბები

ეს დაპირისპირება თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა – ანა აბაშიძე

14 ივნისი, 2019 • 1537
ეს დაპირისპირება თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა – ანა აბაშიძე

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის თქმით, დღეს, 14 ივნისს, მომხდარი დაპირისპირება თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობის შედეგია.

“ეს [დაპირისპირება] არის… მე ვიტყოდი, თანამდებობის პირების უპასუხსმგებლობით ადამიანების დაპირისპირების ხელშეწყობა – მეტი არაფერი არ არის ეს. მარტივად შეიძლებოდა ამ ყველაფრის განეიტრალება იმ ელემენტარული ქცევით, რომ დაძლიონ მათ შიში და თქვან ძალიან მარტივი რამ – ყველას აქვს ამ ქვეყანაში თანაბარი უფლებები“, – ამბობს ანა აბაშიძე.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ნეტგაზეთის” ჟურნალიტს ტელეფონი წაართვა, კიდევ ერთი კი “ლიბერალის” ჟურნალისტს დაემუქრა, რომ ხელებს დაამტვრევდა და ტელეფონს გადაალეწავდა.

ამავე თემაზე:

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი