ახალი ამბები

ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფი აირჩია – ევროპული საქართველო კანცელარიის აქციაზე

14 ივნისი, 2019 • 940
ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფი აირჩია – ევროპული საქართველო კანცელარიის აქციაზე
“ევროპული საქართველო“  მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დღევანდელ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობამ არჩევანი მოძალადე, პროპუტინულ ჯგუფზე გააკეთა.

“ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას. დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა. მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება“,- წერია განცხადებაში.

პარტიის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ სხვა მოქალაქეებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

“ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა“,- ნათქვამი განცხადებაში.

კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანზატორების აქცია იყო დაგეგმილი დღეს, 19.00 საათზე, თუმცა მანამდე იქ პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, პერიოდულად კი სიტუაცია იძაბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი