განცხადებაში ცალსახად დავინახე, რომ საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება – ლომჯარია

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში ხაზგასმულია ის, რომ საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას”, – ასე შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს განცხადება თბილისის პრადითან დაკავშირებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის უზენაესი კანონი ამ ქვეყანაში. ეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა თუ სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ასევე, სამართალდამცველ ორგანოებს, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები და მსოფლმხედველობა ჩვენთვის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, რამდენად გამართლებულია მოწოდება, არ შედგეს პრაიდი და აქვს თუ არა საპატრიარქოს უფლება, მსგავსი განცხადებები გააკეთოს, ლომჯარია პასუხობს:

“მე ვერ შევაფასებ საპატრიარქოს პოზიციას. ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში და მას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ჩემთვის  და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუცია არის უზენაესი”, – განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, საპატრიარქოს განცხადება ხომ არ არის ძალადობის წამახალისებელი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ  ამ განცხადებაში ცალსახად დაინახა, რომ საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება და იმედი გამოთქვა, რომ ასეც იქნება.

“ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, ეკლესიას რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს.  ჩემი მთავარი ადრესატი არის სამართალდამცველი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ამ ქვეყანაში, დაიცვან მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები და გააკეთონ ნათელი გზავნილები საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება, ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვიარ თემს ღონისძიება არ ჩაატარებინოს. საპატრიარქომ ასევე სთხოვა საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა “გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს”.

ამავე თემაზე:

საპატრიარქოს განცხადება შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ – თაბაგარი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.