სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მაისში 190.1 ლარს შეადგენდა.
2004 წლიდან ეს არის საარსებო მინიმუნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2019 წლის იანვრიდან 11.4 ლარით არის გაზრდილი.
საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.
ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია (კკალ — ენერგიის ერთეული) გამოუვიდეს. საქსტატი ჯერ ანგარიშობს კალათაში შესული თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყანაში (5 ქალაქში ფასებზე დაკვირვების შედეგად), ამის შემდეგ კი – სასურსათო კალათის თვიურ შუალედურ ღირებულებას.