იუსტიციის სახლის სახურავის კვლევა-პროექტირებაში კიდევ მილიონი ლარი დახარჯება

მთავრობის განკარგულებით, თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად, შენობის სახურავის კვლევა-პროექტირებისთვის 2019-2020 წლებში კიდევ ერთ მილიონამდე ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა იგეგმება.

  • 2015 წელს, იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორების პირველ ეტაპზე, მილიონ ლარზე მეტი (₾1 100 000) უკვე დაიხარჯა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მეორე ეტაპზე მილიონამდე ლარად დაგეგმილია თბილისის იუსტიციის შენობის გადახურვის ლითონკონსტრუქციების, ქვედა და ზედა მოსახვის დეფექტების/ნაკლოვანებების კვლევის, დეფექტების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროექტირების, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ზედამხედველობის (მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის) მომსახურებისა და ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ეს არ არის საბოლოო ეტაპი და ამის შემდეგ კიდევ იქნება ჩასატარებელი სამუშაოები.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ სამუშაოების საჭიროება არაერთი საექსპერტო დოკუმენტითაა დადასტურებული. სამინისტროს განმარტებით, სამუშაოების მიზანი მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების სრულად აღმოფხვრა და შენობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წლებია აცხადებენ, რომ 2012 წლის 21 სექტემბერს თბილისის იუსტიციის სახლი ისე გაიხსნა, რომ დადგენილი წესით ვარგისად აღიარებული და ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. მიმდინარე სამუშაოების განხორციელება იუსტიციის სახლის ექსპლუატაციაში მიღებისთვის აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.

“მიუხედავად იმისა, რომ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლიდან მიმდინარეობს, გადახურვის დეფექტებისა და ნაკლოვანებების კვლევა და აღმოფხვრა მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. შენობის სახურავის რთული კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, წინასწარ მთლიანად განისაზღვროს საჭირო სამუშაოების ტიპი ან მოცულობა. რეაბილიტაციის ყოველი შემდგომი ეტაპი მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ ან მის პარალელურად იგეგმება და საჭირო სამუშაოებიც განისაზღვრება.

კონსტრუქციის სირთულიდან გამომდინარე, კვლევასა და პროექტირებას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც მომსახურების ღირებულებასა და ხანგრძლივობაზეც აისახება. მაგალითისთვის, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, შარშან ავტორიტეტულმა უნგრულმა კომპანიამ 11 პეტალიდან მხოლოდ 4 პეტალის დიაგნოსტირება შეძლო. პროექტირებისა და კვლევის დასრულების შემდეგ დაიგეგმება სარეკოსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ხანგრძლივობის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია”, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად:

  • 2014 წელს გაიტანეს სახურავში აღმოჩენილი 15 ტონაზე მეტი სამშენებლო ნაგავი, რომელიც მშენებლობის ნაჩქარევად დასრულების გამო ადგილზე იყო დატოვებული და საფრთხეს უქმნიდა იუსტიციის სახლში ყოველდღიურად მიმსვლელ 10 000-მდე მოქალაქეს. ჩატარდა ათეულობით კვლევითი სამუშაო არსებული პრობლემების გამოვლენისა და აღმოფხვრის გზების მოსაძებნად; მომზადდა შესაბამისი ტექნიკური ანგარიში;
  • 2015 წელს უნგრულმა კომპანია „MTM“-მა დამატებით ჩაატარა სახურავის ლითონკონსტრუქციის კვანძების სტრუქტურული ანალიზი და მოამზადა სათანადო დასკვნა, რამაც კიდევ ერთხელ უტყუარად დაადასტურა მშენებლობის პროცესში დაშვებული ასეულობით ხარვეზი; ათასობით წერტილში დადგინდა შედუღების ხარვეზები ან შედუღების არარსებობა და გადახურვის გარკვეულ უბნებზე დასაშვებ ნორმაზე მეტი დატვირთვები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა კონსტრუქციის მდგრადობას;
  • 2015-2016 წლებში ჩატარდა სახურავის იდენტიფიცირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოების მორიგი ეტაპი; განხორციელდა სახურავის თერთმეტივე პეტალის ზუსტი გეომეტრიული მოდელირება; დადგინდა, რომ პეტალების ლითონკონსტრუქციების მოწყობის რეალური გეომეტრია არ შეესაბამებოდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულს და მომზადდა პეტალების გამაგრებითი სამუშაოების პროექტები;
  • 2018 წელს მომზადდა იუსტიციის სახლის სახურავის 4 პეტალის გადახურვის ლითონკონსტრუქციების გამაგრებითი სამუშაოების პროექტები, დროებითი ვენტილაციისა და ელექტრომომარაგების პროექტები და სხვა.

იუსტიციის სახლის გადახურვის კონსტრუქციის ხარვეზების დადგენასა და აღმოფხვრაზე მუშაობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც სახურავის მოსახვის ნაწილი ჩამოვარდა.

იხილეთ პროექტის დოკუმენტი, რომელსაც პერმიერი აწერს ხელს:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.