ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში UNICEF-ისა და UNDP-ის წარმომადგენლები ხაჯიმბას შეხვდნენ

3 დეკემბერი, 2014 • • 1120
საქართველოში UNICEF-ისა და UNDP-ის წარმომადგენლები ხაჯიმბას შეხვდნენ

აფხაზეთის ტელევიზიის ცნობით, მხარეებს შორის ძირითადი სასაუბრო თემა  2015 წელს აფხაზეთში UNDP-ის საქმიანობის საკითხი იყო.


ხაჯიმბას განცხადებით, იყო დრო, როდესაც ომის შემდგომ პერიოდში გაერო ქვეყანას გადარჩენაში ეხმარებოდა, ამჟამად კი, მისი თქმით, აფხაზეთში გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არის გადასაჭრელი. 

 

“აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს სამი სხვადასხვა სამსახურის საქმიანობა ნიშნავს იმას, რამდენად არის გაერო ამ რეგიონით დაინტერესებული,”– ტელევიზიის ინფორმაციით, განაცხადა ნილს სკოტმა. 

 

როგორც სიუჟეტიდან ჩანს, გაეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთის პრეზიდენტს აგროსაწარმო პროექტი შეთავაზეს, რომელიც ნილ სკოტის განმარტებით, მოსახლეობის ცხოვრების დონის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

 

“აფხაზეთში სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,”– განაცხადა ხაჯიმბამ. 

 

დელეგაციის წევრები აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების საკითხსაც შეეხნენ, მათ შორის, პასპორტიზაციის თემას.

 

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის, საშა გრაუმანის განცხადებით კი, სკოლამდელი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში გაერო აფხაზეთს გარკვეული პროექტების განხორციელებას სთავაზობს.

 

ხაჯიმბას თქმით, ჯანმრთელობის სფეროში აფხაზეთი მზადაა ითანამშრომლოს გაეროსთან, თუმცა, ერთი პირობით – “რომ პირობები აქ, ჩვენ მიერ იყოს მიღებული, ჩვენი ინტერესების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში თანამშრომლობა აფხაზეთისთვის არ იქნება კარგი.”

 

მისივე თქმით, იგივე გალის რაიონში დასაშვებია ქართული ენის სწავლება, თუმცა მხოლოდ აფხაზური სახელმძღვანელოებით. 

 

გაეროს წარმომადგენელთა თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ შედგება მორიგი შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად შეძლებენ ამოცანების დასახვას. 


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი