ჩემპიონატში გამარჯვებულ ჩვენს ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი ზასეევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დაბრუნებულ Conifa-ს ჩემპიონატში გამარჯვებულ მათი საფეხბურთო ნაკრების წევრებს 12 ივნისს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს. შესაბამისად, დაჯილდოების ცერემონიისთვის ცხინვალში ნაკრები არასრული შემადგენლობით დაბრუნდა.

როგორც ოსური გამოცემა cominf. org წერს, ფიზიკური დაპირისპირება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთ წევრსა და ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

“ვიღაცამ ვლადიკავკაზში 140 ათასი რუსული რუბლი [2 ათას აშშ დოლარზე მეტი] დადო ტოტალიტაზორში იმაზე, რომ ჩვენი გუნდი წააგებდა. როდესაც დაბრუნებული გამარჯვებული ნაკრების წევრები ვლადიკავკაზის ქუჩებში ვიღაცამ ნახა, აცნობა ამ პირებს, ისინი მოვიდნენ გარჩევაზე და მაშინ დაიწყო ჩხუბი და სროლა. არავინ დაშავებულა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელები დაკითხვაზე იქ იმყოფებიან”, – აცხადებს ზასეევი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო Conifa-ს ჩემპიონატის გამარჯვებული პირველად გახდა.  რამდენიმედღიანი საფეხბურთო ღონისძიება მთიან ყარაბაღში ჩატარდა. ღონისძიებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციებიც ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი