ხარაგაულში მაგისტრალის მშენებლობაზე 60-მდე მუშა გაიფიცა – პროფკავშირები

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში უკვე მე-3 დღეა, რაც 60-მდე მუშა გაიფიცა. დასაქმებულებს, რომლებიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობენ, პროფკავშირების თქმით, მინიმალური შრომითი პირობებიც კი არ აქვთ.

ნეტგაზეთი ესაუბრა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ პრეზიდენტს, ვიტალი გიორგაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ჩინურმა კომპანიამ შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება დანაკლისით ჩაურიცხა.

“გაფიცვის მიზეზი არის, ის, რომ როგორც მუშებმა გვითხრეს, მათ ხელფასები დანაკლისებით ჩაერიცხათ. დასაქმებულებს ისედაც დაბალი საათობრივი ტარიფი აქვთ, მაგრამ პლუს ამას, მათ თვეში 30-ვე დღე იმუშავეს ,ანაზღაურება კი მაინც ჩაერიცხათ დანაკლისით.

გარდა ამისა, როგორც ისინი ამბობენ, არ აქვთ შრომით კონტაქტები წერილობითი ფორმით და ასევე არ აქვთ ბიულეტენი, შვებულება, დასვენების დღე და ა.შ.“, – ამბობს ვიტალი გიორგაძე.

მისივე თქმით, გარდა ანაზღაურების დანაკლისისა, დასაქმებულები სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში მუშაობენ – მათ არ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა, საპირფარეშო, სუფთა წყალი და საშხაპე. გაფიცვის გამო მაგისტრალი მესამე დღეა პარალიზებულია.

რაც შეეხება კომპანიას, ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ჩინური კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 2 თვის წინ ჩამოვიდა.

მისივე თქმით, პროფკავშირები დასაქმებულების უფლებების გასაუმჯობესებლად კომპანიასთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

ამასთანავე, პროფკავშირი მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექცია და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან