ახალი ამბები

სამი პირი დააკავეს მოქალაქეების “მეტრომანებში” უკანონოდ შეღწევის ბრალდებით

12 ივნისი, 2019 • 1335
სამი პირი დააკავეს მოქალაქეების “მეტრომანებში” უკანონოდ შეღწევის  ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამი პირია დაკავებული  დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე.

დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები –  თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ.

სუსი აცხადებს, რომ გამოძიების თანახმად, თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით,  ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქეების სარგებლობაში არსებული “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას. გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.

გამოძიების ცნობით, ასევე დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.

“ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი  და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ  ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი”, – აცხადებს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ტვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი