ახალი ამბები

ბავშვთან მეორე მშობლის ნეგატიურად მოხსენიება ფსიქოლოგიური ძალადობაა – სასამართლო

10 ივნისი, 2019 • 1140
ბავშვთან მეორე მშობლის ნეგატიურად მოხსენიება ფსიქოლოგიური ძალადობაა – სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ,ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ამ გადაწყვეტილების შესახებ “პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წერს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სამართლებრივი დახმარების მიზნით მას მმართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, “რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები“.

მათი თქმით, დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად მიმართა. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, დაადასტურეს მამის ნათქვამი.

“მომხდარის შემდეგ მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

დედის მოთხოვნის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები.

PHR-მა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გააჩივრა სააპელაციო სასამართლოში, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ს გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

ორგანიზაციის თქმით, მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი