ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ჩამოგდებული ვერტმფრენი და საერთაშორისო თანამეგობრობის უშედეგო ძალისხმევა

29 ნოემბერი, 2014 • • 1263
ყარაბაღში ჩამოგდებული ვერტმფრენი და საერთაშორისო თანამეგობრობის უშედეგო ძალისხმევა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24, რომელიც სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა ყარაბაღი-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანის მხარემ 12 ნოემბერს, 13:45 საათზე ჩამოაგდო, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა. თუმცა ცხედრების შემთხვევის ადგილიდან გამოტანა 10 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ პროცესში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მუშაობს. საბოლოოდ, ცხედრების გამოსვენება ყარაბაღმა საკუთარი ძალისხმევით, 22 ნოემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მოახერხა.

ყარაბაღის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული პილოტების დაკრძალვის ცერემონია
ყარაბაღის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული პილოტების დაკრძალვის ცერემონია

ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია გაავრცელა აზერბაიჯანის მხარემ, რომლის მიხედვითაც სომხეთის ვერტმფრენმა გადაკვეთა საზღვარი და ისროდა აზერბაიჯანის მხარის პოზიციებისკენ, რასაც მოჰყვა საპასუხო სროლა და ვერტმფრენის ჩამოგდება. თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ვერტმფრენი არანაირ სროლას არ ახორციელებდა.

 

ამ ინციდენტს მყისიერად გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. 12 ნოემბერს  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (იგორ პოპოვი – რუსეთი, ჯეიმს უორლიკი – აშშ, პიერ ანდრიო – საფრანგეთი) გამოხატეს სერიოზული შეშფოთება და მწვავე კრიტიკა სომხური ვერტმფრენის ჩამოგდების გამო:

 

“ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ იმ ნაბიჯებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია გამყოფ ხაზზე და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. რეგიონს არ შესწევს უნარი წინ აღუდგეს კიდევ ერთ ისეთ დაძაბულობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზაფხულში. როგორც ადრე, ახლაც ჩვენ ვაპირებთ მხარეებს დავეხმაროთ ყველა შესაძლებლობით,” – ნათქვამია თანათავმჯდომარეეების განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ყარაბაღი-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები მოხდა, რის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

 

12 ნოემბერსვე, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში წარმოებული მოსმენის დროს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოგდება ყარაბაღში აჩენს გაყინული კონფლიქტის გალღობის სერიოზულ საფრთხეს.

 

მეორე დღეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ გაავრცელა განცხადება მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების საკითხზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს სახიფათო ინციდენტი ახდენს რეგიონში სიტუაციის შემდგომი გამწვავების პროვოცირებას:

 

“დღეს ჩვენ გავხდით მოწმეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი დარღვევისა. ვერტმფრენის ჩამოგდება არის ძალადობის საშიში გამოვლინება. წარმოიქმნა კონფლიქტის გამწვავების ახალი ეტაპი. სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში იძაბება”.

 

აშშ-ის კონგრესმენმა ადამ შიფფმა ყარაბაღში თვითმფრინავის ჩამოგდებას უწოდა პროვოკაციული ქმედება, რომლის მიზანია აზერბაიჯანის საზოგადოების ყურადღების გადატანა შიდა პრობლემებიდან:

 

“შეუიარაღებული ვერტმფრენის ჩამოგდება მთიან ყარაბაღში აჩვენებს აზერბაიჯანის გაუფრთხილებლობას ადამიანების სიცოცხლისადმი,” – განაცხადა ადამ შიფმა – “ეს გამომწვევი ქმედება ემუქრება მთელი რეგიონის დესტაბილიაციას”.

 

14 ნოემბერს აზერბაიჯანი-ყარაბაღის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ იილმაზმა განაცხადა, რომ “შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა იქნება ხვალ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე”.

 

19 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრშიკი მიიღო და მასთან განიხილა ის საკითხები, რაც ეხებოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს ჩამოგდებული ვერტმფრენის ეკიპაჟის ცხედრების გადმოსვენების მიზნით. ინციდენტის ადგილზე ეუთოს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა:

 

“ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ მონიტორინგი ვერტფრენის ჩამოგდების ადგილზე, თუმცა ბაქო ეუთოს დელეგაციას უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ აძლევს”, – განაცხადა ანჯეი კასპრშიკმა.

 

20 ნოემბერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენის ნამსხვრევები ყრია ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც დანაღმულია: “ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი კატასტროფის ადგილის ირგვლივ და ჩაერთონ ტერიტორიის განაღმვით საქმიანობაში”.


იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯეფ რატკენმა, როდესაც აშშ-ის პოზიციაზე ისაუბრა ყარაბაღის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტი კიდევ ერთხელ შეახსენებს აზერბაიჯანი-ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს, რომ უნდა გააორმაგონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

 

21 ნოემბერს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში, ჟან-ფრანსუა ჟანპანტიემ განაცხადა: “როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ჰუმანიტარული კუთხით საფრანგეთს სურს, რომ სომხეთს გადაეცეს ეკიპაჟის დაღუპული წევრების ცხედრები”.

 

სომხეთის მხარემ მთელი 10 დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ ეკიპაჟის წევრების ცხედრების მოძიება-გადმოსვენებაში, თუმცა – ამაოდ.

 

22 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია და შედეგად მოახერხეს ინციდენტის ადგილიდან სამი დაღუპული პილოტის ცხედრის და ვერტმფრენის ნამსხვრევების ნაწილის წამოღება. მათივე ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის მხრიდან ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ყარაბაღის არმიას კი დანაკარგი არ განუცდია.

 

ამგვარად, ათდღიანი უშედეგო საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე ყარაბაღის მხარემ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარება ისევ საკუთარი რესურსებით გადაწყვიტა. ამან კი არწახისა და სომხეთის მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცა, წამოეწიათ თემა, რომ რეგიონში მშვიდობისთვის იმედის დამყარება არ ღირს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებზე, მათ შორის მათზეც კი, რომლებიც სპეციალურად ამ მიმართულებით მუშაობენ.

გარდაცვლილი პილოტების (სერგეი სააკიანი, სარგის ნაზარიანი, აზატ სააკიანი) ცხედრები 22 ნოემბერს ოჯახის წევრებს გადასცეს. ყარაბაღის პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა ისინი სიკვდილის შემდეგ სპეციალური მედლებით დააჯილდოვა.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი