მოსკოვში დაკავებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მოსკოვში დაკავებული გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პაველ ჩიკოვმა დღეს, 8 ივნისს, სოციალურ ქსელში დაწერა, მოგვიანებით კი ფაქტი პოლიციამაც დაადასტურა.

პორტალ “მედუზას” თანახმად, გოლუნოვი პოლიციის ზედამხედველობის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. გამოცემისვე ცნობით, ექიმებმა ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და ნეკნების სავარაუდო მოტეხილობა დაუდგინეს.

გოლუნოვი, რომელიც პორტალ “მედუზა”-ში საქმიანობს და სხვა საქმეებთან ერთად კორუფციის შემთხვევებსაც იძიებს, რუსეთის დედაქალაქში გუშინ, 7 ივნისს დააკავეს. ჟურნალისტის თანამშრომლების თანახმად, ის მაშინ აიყვანეს, როცა თავის წყაროსთან შესახვედრად მიდიოდა.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტს “დიდი ოდენობით” ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან, რასაც ის უარყოფს.

ადვოკატის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

ექსპერტიზის თანახმად, ზურგჩანთიდან ამოღებულ შეფუთვაში 3.56 გრამი მეფედრონი აღმოჩნდა.

გოლუნოვის თქმით, დაკავების მომენტიდან ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რისი საშუალებაც არ ეძლეოდა. ჩხრეკისას კი სკამს დაავლო ხელი, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა სახეში მუშტი ჩაარტყა. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტს წიხლებით გულ-მკერდის არეში სცემეს, ხოლო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი უთხრეს. ასევე, დაკავებულს უარი ეთქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა მის კონტაქტს ნარკოტიკულ ნივთიერებასთან.

მომხდარს მალევე გამოხმაურნენ ივან გოლუნოვის კოლეგები, რომელთაც მისი დაკავება ჟურნალისტის საქმიანობას დაუკავშირეს.

“საშინელი ამბავია ივან გოლუნოვის დაკავება – ღამე, ძალისმიერი გზით. ეს ტოტალური განუკითხაობაა. ივანს დაახლოებით ოცი წელია ვიცნობ და ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი ჟურნალისტია რუსეთში. ნათელია, რომ მიზეზი პროფესიული საქმიანობაა. ყველა, ვის სიტყვასაც რაიმე ფასი აქვს, მის გათავისუფლებას უნდა ითხოვდეს”, – წერს ჟურნალისტი ელიზავეტა ოსეტინსკაია.

გუშინვე, პოლიციამ იმ ადამიანების დაკავება დაიწყო, რომლებიც ჟურნალისტის მხარდასაჭერად რუსეთის შსს-ს საქალაქო სამმართველოსთან მივიდნენ. დაკავებულთა შორის გოლუნოვის კოლეგებიც არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან