ახალი ამბები

რუსეთში “მედუზას” გამომძიებელი ჟურნალისტი დააკავეს

7 ივნისი, 2019 • 1762
რუსეთში “მედუზას” გამომძიებელი ჟურნალისტი დააკავეს

მოსკოვში “მედუზას” გამოძიების განყოფილების კორესპონდენტი ივან გოლუნოვი დააკავეს.

გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 6 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მისი ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

ექსპერტიზის თანახმად, ზურგჩანთიდან ამოღებულ შეფუთვაში 3.56 გრამი მეფედრონი აღმოჩნდა. გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ, თავად ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს.

გოლუნოვის თქმით, დაკავების მომენტიდან ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რისი საშუალებაც არ ეძლეოდა. ჩხრეკისას კი სკამს დაავლო ხელი, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა სახეში მუშტი ჩაარტყა. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტს წიხლებით გულ-მკერდის არეში სცემეს, ხოლო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი უთხრეს. ასევე, დაკავებულს უარი ეთქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა მის კონტაქტს ნარკოტიკულ ნივთიერებასთან.

ივან გოლუნოვის დაკავებას ეხმაურებიან ჟურნალისტები და მომხდარს გოლუნოვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.

“გასაკვირია. რაიხში გამომძიებელი ჟურნალისტი დააკავეს და ნარკოტიკი ჩაუდეს. ვინ იფიქრებდა. არადა, თქვენ გაფრთხილებდნენ”, – წერს არკადი ბაბჩენკო Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

“საშინელი ამბავია ივან გოლუნოვის დაკავება – ღამე, ძალისმიერი გზით. ეს ტოტალური განუკითხაობაა. ივანს დაახლოებით ოცი წელია ვიცნობ და ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი ჟურნალისტია რუსეთში. ნათელია, რომ მიზეზი პროფესიული საქმიანობაა. ყველა, ვის სიტყვასაც რაიმე ფასი აქვს, მის გათავისუფლებას უნდა ითხოვდეს”, – წერს ელიზავეტა ოსეტინსკაია.

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ივან გოლუნოვი უდანაშულოა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიან. ვიცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ემუქრებოდნენ. “მედუზა” შეისწავლის გამოძიების ყველა ქმედებას გოლუნოვის საქმეზე. ჩვენ გავარკვევთ, ვისი ნებით იდევნება იგი და გავასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. დავიცავთ ჩვენს ჟურნალისტს ყველა შესაძლო მეთოდით”, – ნათქვამია “მედუზას” გენერალური დირექტორ გალინა ტიმჩენკოს და მთავარ რედაქტორ ივან კოლპაკოვის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი