ახალი ამბები

ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” თანხის ნაცვლად გაზის მიღება ჯობია – თურნავა

8 ივნისი, 2019 • 1326
ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” თანხის ნაცვლად გაზის მიღება ჯობია – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის უკეთესია ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” თანხის მაგივრად გაზი მიიღოს, თუმცა რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, საქრათველოს მთავრობა რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიათან დათმობაზე წავიდა.

“ჯობდა თუ არა ნატურით გადახდა გაზპრომის მხირდან მონეტარულ გადახდას, რა თქმა უნდა, ჯობდა. გვქონდა თუ არა შანსი შეგვენარჩუნებინა ნატურით გადასახადი?! ეს კითხვა სულ მცირე მიამიტურია, რადგან “გაზპრომი” გადავიდა მთლიანად მონეტარულ ფორმაზე ყველა სახელმწიფოსთან, სადაც ხორციელდება გაზის მიწოდება. ამას აკეთებს ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიც არის ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ჩვენთან, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებულ,  რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია გამონაკლისს დაუშვედა და ტრანზიტის სანაცვლოდ გაზს ნატურით მოგვცემდა?!,”-განაცხადა თურნავამ.

გიგა ბოკერიას კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაზპრომის ამ პირობას არ დათანხმდებოდა, თურნავამ თქვა, რომ  პრობლემა შეიქმნებოდა, რადგან ბალანსისითვის საჭირო გარკვეული რაოდენობის რუსული გაზი საქართველოს სჭირდება.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დასრულდა და მალე საქართველო გააფორმებს ხელშეკრულებას რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიასთან. ნათია თურნავას მტკიცებით, რომელიც მაშინ ეკონომიკის  მინისტრის მოადგილე იყო, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსულ კომპანიასთან პოზიციები გაიუმჯობესა.

“სატრანზიტო საფასური, რომელსაც რუსეთი გვიხდის [სომხეთში ტრანსპორტირებისთვის], გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია… ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი ამ ალტერნატივით დაინტერესდება,”-აცხადებდა ის.

რამდენით გაიზარდა ტრანზიტის საფასური, ეს უცნობია, თურნავას თქმით, ეს კომერციული საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი