ახალი ამბები

ადიდებულმა მდინარემ ჭუბერში ჯებირები და ხიდები დააზიანა

7 ივნისი, 2019 •
ადიდებულმა მდინარემ ჭუბერში ჯებირები და ხიდები დააზიანა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექების შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიამ  რამდენიმე დამცავი ნაგებობა დააზიანა, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება და საჭიროების მიხედვით ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა.

“ნეტგაზეთს” ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ სტიქიის შედეგად ორი ხიდი დაზიანდა. მათ შორის ერთ ხიდი ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკის გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა და მას კომპანია აღადგენს, მეორე დაზიანებული ხიდი კი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, რომელზეც ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჭუბერში სტიქია მოხდა, ჩატარდა აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოეწყო ნაპირსამაგრი ნაგებობები:

“მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, რომელიც შესაძლებელია მოვიდეს 100 წელიწადში ერთხელ, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში, ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი