მოსწავლეები პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ორგანიზაცია “საფარის” თავმჯდომარის, ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქიმიის მასწავლებელი კაცი მოსწავლე გოგოებს სექსუალურად ავიწროებს. უფლებადამცველი მოითხოვს პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლებას.

  • მასწავლებელი საკუთარი სურვილით უკვე ჩამოშორდა სასწავლო პროცესს და ამბობს, რომ მას ცილს სწამებენ.

ბაია პატარაიას თქმით, მათი ორგანიზაციის ადგილობრივ აქტივისტს მოსწავლეებმა 6 ივნისს თვითონ მიმართეს დახმარების თხოვნით. მისი თქმით, გოგოებს არ უნდათ ამის გამო სკოლის დირექციაში ან პოლიციაში მისვლა, ხოლო თავადაც არ აპირებს შესაძლო დაზარალებულების სახელების გამჟღავნებას.

ბაია პატარაიას კომენტარი - დააკლიკეთ

ორ წელზე მეტია, ამ რეგიონის ყველა სკოლასთან ვმუშაობთ. გვყავს ადგილობრივი თანაგანმანათლებლები და აქტივსიტებიც. დავდივართ და ბავშვებს ვასწავლით ადრეული ქორწინების, სელექციური აბორტების და მსგავსი საკითხების შესახებ. მოსწავლეებს ჩვენი კონტაქტები აქვთ და იციან, როგორ გვიპოვონ. ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს მიმართეს ბავშვებმა და უთხრეს, რომ აქვთ ასეთი პრობლემა – ეს კაცი ხელებს ჰკიდებს და მიაჩნიათ, რომ მათ სექსუალურად ავიწროებს. შეეშინდათ, ღიად ეთქვათ ეს ვინმესთვის და უთხრეს იმ ადამიანს, ვისაც ენდობიან, და აქვთ იმედი, ამ პრობლემას მოუგვარებს. ჩვენ ამ ბავშვების ვინაობის გამხელა არ გვინდა, მაგრამ განათლების სამინისტრო ვალდებულია და უნდა ჰქონდეს მექანიზმები, ბავშვები მსგავსი შემთხვევებისგან დაიცვან.

სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში არანაირი კულტურა არსებობს ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების; არ ესაუბრებიან ბავშვებს ასეთ თემებზე და არ არსებობს არანაირი ფორმალური ან არაფორმალური განათლება. მათ არ ესაუბრებიან ზოგადად სექუალობაზე და სექსუალურ შევიწროვებაზე. შესაბამისად, როდესაც მასწავლებლები არასდროს არ საუბრობენ ასეთ საკითხე, მოსწავლეებს მათ მიმართ არანაირი ნდობა არ აქვთ. ეს არის ჩვენი სკოლის პრობლემა, რომ ბავშვებს არავინ ელაპარაკება ამ თემაზე და არ იციან, მსგავსი პრობლემის არსებობის შესახებ, ვის უნდა მიმართონ. ამიტომ თვითონ ძალიან სწორად მოიფიქრეს და მიმართეს ისევ გარეთ, აქტივისტებს, ვინც იციან, რომ ამ საკითხებზე მუშაობენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსუალური შევიწროება კაცი მასწავლებლის მხრიდან ფიქსირდება.

სპეციალურად დავწერე ეს პოსტი საჯაროდ და მოვნიშნე განათლების სამინისტრო, საიდანაც ჯერჯერობით არავინ შეგვხმიანებია. ჟურნალისტების გარდა, არავინ რეკავს. ჟურნალისტებს იმ სკოლაში კი ეუბნებიან, რომ კარგი კაცია და ა.შ.  ეს არის სკოლის პრობლემა, რომ პირველად ესმით ეს ამბავი და ესმით გარედან, რადგან არანაირი მექანიზმი აქვთ შიგნით დანერგილი და ვერ აგრძნობინებენ ბავშვებს თავს უსაფრთხოდ. ყველა მოძალადე მანამდე გადასარევი რეპუტაციით სარგებლობდა: ზოგი საკრებულოს წევრი იყო, ზოგი NGO-ს დირექტორი და ზოგი – ვინ. ეს არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში რამდენიმე ბავშვი ამბობს, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებს მათ. ყველა ბავშვი არც იტყვის ამას და შეიძლება ყველას არც ავიწროებს.

როგორც ბაია პატარაია ამბობს, სკოლებში სექსუალურ განათლებაზე და სექსუალურ შევიწროებაზე მოსწავლეებს არავინ ესაუბრება, რის გამოც იძულებული არიან, მათი პრობლემების შესახებ ანონიმურად მოუყვნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ენდობიან.

უფლებადამცველის განცხადებით, განათლების სამინისტრო ვალდებულია, ჰქონდეს მექანიზმი მსგავსი შემთხვევებისგან ბავშვების დასაცავად და თვითონ მოუგვაროს ეს პრობლემა.

ბაია პატარაიას თქმით, განათლების სამინისტროს ამ დრომდე არანაირი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა მიხედოს ამ პრობლემას და როგორ იმუშაოს ბავშვებთან.

რა ხდება ახლა სკოლაში?

სკოლის დირექტორმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ დროისთვის სადისციპლინო კომიტეტია შეკრებილი, სადაც სწორედ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ:

ეს კაცი იძახის, რომ თუ მე მაგის გამკეთებელი ვარ, პასუხს ვაგებ და ვიკვეთები სოფლიდანო”.

დირექტორის თქმით, ქიმიის მასწავლებელი თავისი ინიციატივით უკვე ჩამოშორდა სასწავლო პროცესს და დილითვე განცხადება შეიტანა პოლიციაში შესაძლო ცილისწამებაზე.

რას აკეთებს შსს და განათლების სამინისტრო?

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, განათლების სამინისტროს, ერთ-ერთ რეგიონში ქიმიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლე გოგოების შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, საქმის წარმოების პროცესი უკვე დაიწყო.

შსს-ში კი გვითხრეს, რომ ამ სკოლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ პოლიციისთვის არავის მიუმართავს, რის გამოც არც მოკვლევა დაწყებულა და არც გამოძიება.

  • განახლება – დღის მეორე ნახევარში:

განათლების სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ საქმე სამართალდამცავ უწყებებს გადააბარეს. ამის შემდეგ შსს-ში გვითხრეს, რომ ლამბალოს შემთხვევაზე პოლიციამ დაიწყო ფაქტის შესწავლა და. თუ შესწავლის შედეგად გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.