ბორჯომში 2 არასრულწლოვანს ეძებენ. Borjomi.tv-ს ინფორმაციით, გაუჩინარებული გოგოები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო და სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვნების სამძებრო ღონისძიებებში.
Borjomi.tv-ს ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში, გოგოების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
შსს-ში დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.