ახალი ამბები

ლატვიის პრეზიდენტი: აფხაზეთის და რუსეთის ხელშეკრულება ართულებს კონფლიქტის გადაჭრას

26 ნოემბერი, 2014 • • 1218
ლატვიის პრეზიდენტი: აფხაზეთის და რუსეთის ხელშეკრულება ართულებს კონფლიქტის გადაჭრას

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სწორედ დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და მისი განმტკიცების საკითხი. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და  ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ შეიქმნა ხელშეკრულება, რომელსაც ფაქტიურად ეს ოკუპაცია ანექსიის დონემდე მიჰყავს, ჩვენი ლატვიელი კოლეგების წარმომადგენლობითი ვიზიტი ხაზგასასმელია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მას 70-ზე მეტი ბიზნესმენი ახლავს.

 

“ჩვენ ვიყავით მსგავსი გამოწვევების წინაშე, რაც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღვადგინეთ, თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. იმისათვის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს 70-ზე მეტი ბიზნესმენი მახლავს. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველოს ბალტიის ქვეყნებს. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მიმაჩნია, რომ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა, უკან გადადგმული ნაბიჯია, ეს ართულებს კონფლიქტის გადაჭრას და ეჭვის ქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობას”,- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის  პრეზიდენტი ანდრის ბერზინში ეწვია.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 26 ნოემბერს დაიწყო. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. შეხვედრის დასრულებითანავე კი პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი