ახალი ამბები

ODIHR უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას დააკვირდება

6 ივნისი, 2019 • 855
ODIHR უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს დააკვირდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაღალი მნიშვნელობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის 27 მაისს მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას და სთხოვა აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. 30 მაისის წერილით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ დაადასტურა საკუთარი მზაობა, დააკვირდეს შერჩევის პროცესს და მის შესაბამისობას როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან”, – აცხადებს სახალხო დამცვველი.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გეგმავს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესსა და სამართლის ძირითადი პრინციპებისა და საკითხის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში მოქმედებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლე შედის. დღეის მდგომარეობით, 20 პოზიცია ვაკანტურია, ხოლო შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ მაისს მიიღო. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება 11-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და სულ 144-მა პირმა შეიტანა საბუთები. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული პირებიდან უნდა შეარჩიოს კანდიდატები და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგინოს.

ამავე თემაზე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი