სექსუალური შევიწროების ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, შსს-მ პირველი ადამიანი დააჯარიმა. უწყება ამბობს, რომ დაზარალებულმა პოლიციას 2019 წლის 3 ივნისს მიმართა და უცნობი პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადა.
უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა პირი, რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა დაზარალებულის მიმართ.
“მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი.
სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ. მ. ცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა“,- წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ში ამბობენ, რომ დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართა, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
შსს მოქალაქეებს ურჩევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფიქრობენ, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება განხორციელდა, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.
ამ თემაზე:
სექსუალური შევიწროების კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი