ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობები – რას ამბობენ სომხეთში გაეროს რეზოლუციის საკითხზე

5 ივნისი, 2019 •
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობები – რას ამბობენ სომხეთში გაეროს რეზოლუციის საკითხზე

ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ 2008 წელს ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ნიშნავს თუ არა სომხეთის აღნიშნული ნაბიჯი გარკვეულ ცვლილებას მის საგარეო პოლიტიკაში, ამ კითხვით მივმართეთ სომხეთის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, პოლიტოლოგებს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო უწყებამ კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა დანარჩენმა რესპონდენტებმა კითხვას ნაწილობრივ უპასუხეს:

[blue_box]არმენ პამბუხჩიანი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობის ფრაქციიდან “ჩემი ნაბიჯი“:[/blue_box]

კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობები. ამას მოწმობს კიდეც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც არაოფიციალური სახე ჰქონდა. საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. სხვა დანარჩენს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყვის. სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ერევნისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი, ნაციონალური სარგებელი, მაგრამ ამავე დროს ვცდილობთ, არ დავივიწყოთ მეგობარი ქვეყნები და მათ აზრსაც ვითვალისწინებთ”.

[red_box]ალიკ ეროიანცი, პოლიტოლოგი:[/red_box]

ამჯერად ერევანმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. შეიძლება ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, პოლიტიკური ელიტის შეცვლის შემდეგ, პოზიციებში ცვლილებები მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დადებით გავლენას მოახდენს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე. იმის მიუხედავად, რომ სომხეთს არ მიუცია ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ, ასეთი მეთოდით აჩვენა საკუთარი მზაობა ქართულ მხარეს, რომ მოკავშირეები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. და რა უშლიდა ხელს სომხეთს, ადრევე გაეკეთებინა ეს? სომხური მხარე ყოველთვის განმარტავდა, რომ არსებობს ყარაბაღის კონფლიქტის ფაქტორი და მასთან დაკავშირებული პოზიცია, აქ არ შეგვიძლია რუსეთის ფაქტორს გვერდი ავუაროთ.

ალექსანდრე მარკაროვი, პოლიტოლოგი: 

ერთი შემიძლია გითხრათ, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე სომხეთს ყოველთვის კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდა და კონფლიქტების მშვიდობიანი  გადაჭრის მომხრე იყო. ამ მხრივ, არა მგონია, რამე შეცვლილიყო. ასევე, ყოველთვის სურდა კონსტრუქციული ურთიერთობები დაემყარებინა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, საქართველოსთან. სწორედ აქედან გამომდინარე ვალაგებთ ჩვენს პოლიტიკას. რაც შეეხება გაეროში კენჭისყრას,  იყო ხოლმე კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და გაეროში სომხეთის წარმომადგენელს შორის, იყო  შეთავზება ნეიტრალური პოზიციის დაკავებაზე, ანუ კენჭისყრაში არმონაწილეობაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც  ერთმანეთის ღირსების შელახვა შეეძლო. როგორც მე ვიცი, ქართული მხარე ყოველთვის არ მოდიოდა ამაზე. შესაბამისად, სომხეთიც იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა. ახლა რატომ მოხდა ასე, ამას არ გეტყვით. მაგრამ გეტყვით, რომ სომხეთი მუდამ ისე აძლევს ხმას, როგორც მას უნდა, საკუთარი პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

44 ქვეყანა, რომელიც გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანაავტორი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი