ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში მივიდა

5 ივნისი, 2019 •
ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში მივიდა

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დღეს, 5 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფონდში იმყოფებოდა. სახელმწიფო ფონდის ცნობითვე, ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს გაეცნო.

“შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს,”-აცხადებენ ფონდში.

ნეტგაზეთს საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ივანიშვილი ფონდში საკუთარი ინიციატივით მივიდა და მომავალში მსგავს შეხვერას ფონდის მენეჯმენტთან კვლავ გეგმავს.

31 მაისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ “ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს”.

“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ და ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ის მოდელი შეიცვლება, მათ შორის, თქვენთან კონსულტაციის შედეგად,”-ამბობს ბახტაძე.

საპარტნიორო ფონდის არაეფექტურობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც. მისივე თქმით, საინვესტიციო პროექტები, რაც ფონდს პორტფელში აქვს, “ძირითადად არ ვარგა”.

საპასუხოდ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გიორგი ქობულია უპასუხისმგებლობაში დაადანაშუალა.

“ბატონი გიორგი [ქობულია] რამდენიმე სხდომას,  [სამეთვალყურეო საბჭოს] რამდენიმე სხდომას დაესწრო და ეს სხდომებიც ძალიან ჩქარობდა და სწრაფად დატოვა. მაგრამ ის პრეტენზიები, მოთხოვნები, რაც ჩვენ გვქონდა, მან მოისმინა. ჩემს  ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს. პარლამენტში ვიყავი 16 წელი, ბიზნესში გავიარე წლები,  ოპოზიციაშიც და პოზიციაში ვიყავი, თუმცა მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან, ფონდთან მიმართებაში ვამბობ [არ მინახავს] ,”-აცხადებს საგანელიძე.

პროექტები, რაც საპარტნიორო ფონდს პორტფელში აქვს, ძირითადად არ ვარგა – ქობულია

მასალების გადაბეჭდვის წესი