ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტები მხოლოდ მავთულხლართები არ არის – ხედვა თბილისიდან

5 ივნისი, 2019 • 4050
კონფლიქტები მხოლოდ მავთულხლართები არ არის – ხედვა თბილისიდან

მანანა მჭედლიშვილი, თბილისი


იმ გზის დანახვა, რომელსაც კონფლიქტების მოგვარება ჰქვია, ძალიან რთულია, რაც კარგად გავიაზრე მაშინ, როცა უშუალოდ ვიყავი ამ მიმართულებით საქმიანობაში ჩართული. შედარებით მარტივია დანახვა, რა გზით არ უნდა ვიაროთ და ამ არასწორი გზის გააზრება, ალბათ, სწორი გზისკენ ბიძგსაც მოგვცემს. დღეს კი პირადად მე მაქვს შეგრძნება, რომ სწორედ ამ არასწორი და არამოგვარებისკენ მიმავალი გზით მივდივართ ყველა ერთად.

კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი და ფიქრი, ალბათ, იმის გააზრებით უნდა დავიწყოთ, რომ ეს კონფლიქტები მხოლოდ ტერიტორიებს არ ეხება და მხოლოდ მავთულხლართებში არ არის გამოხატული. მავთულხლართები უფრო ოკუპაციის გამოხატულება და რეალიზებაა, ხოლო ჩვენში – ადამიანებში, საზოგადოებებში არსებული კონფლიქტი არა მხოლოდ გამყოფ ხაზებზე, არამედ გაცილებით მეტ და დიდ სივრცეში გვხვდება. ჩვენთვის – „აქეთა“ საზოგადობისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უმთავრესად უკანონო დაკავებასთან, გატაცებასთან, სიცოცხლის, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ხელყოფასთან ასოცირდება. იქითა საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე ბევრი რომ არ მოვყვეთ, ალბათ, რუსული პროპაგანდის შედეგების დაახლოებით წარმოდგენაც საკმარისია,  მივხვდეთ, რასთან ვასოცირდებით მათთვის.

„აქეთა“ საზოგადოებაში არსებულმა უკიდურესად ნეგატიურმა, თითქმის მტრულმა განწყობამ იფეთქა რამდენიმე თვის წინ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. საზღვრებზე გადაადგილების სრული ჩაკეტვის დროს ამ ორ რეგიონში საკვების დეფიციტის შექმნისას.  ხაზებს აქედან, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილს უსურვებდნენ ხაზებს იქით დარჩენილებს, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს. ეს სასტიკი ტალღა უმეტესად Facebook-ში აგორდა და გამოჩნდა. შესაძლოა, მეჩვენება, მაგრამ სწორედ იმ ადამიანებში უფრო ნაკლებია ეს აგრესია, ვისაც უშუალოდ, პირადად ეხება თუ შეხებია ეს კონფლიქტი, ვიდრე საქართველოს სხვა რიგით მოქალაქეებში.

ვფიქრობ, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობისას სრულიად ჰაერშია გამოკიდებული საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, შერიგებაზე და კონფლიქტების საბოლოოდ მოგვარებაზე, რაც ალბათ გადასადგმელი ათი ნაბიჯიდან  დაახლოებით მეშვიდე ან მერვე უნდა იყოს. როგორ უნდა შევრიგდეთ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთის ყოფისა და მდგომარეობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით და ამ თემის შეხსენება უმეტესად მხოლოდ მშრალი, ოფიციალური განცხადებებით ხდება, რომლებიც ძალიან ხშირად ბევრით არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ვფიქრობ, იმისთვის, რომ „კონფლიქტების მოგვარების“ არსის  გააზრებას ხელი შევუწყოთ და რეალური ბიძგი მივცეთ ამ თემაზე ჯანსაღ და შედეგამდე მიმყვან მსჯელობას, მინიმუმ საზოგადოებისთვის აქტუალური და ყოველდღიური თემა უნდა გახდეს. ამას კი ყველასი ერთად და ერთობლივად მოქმედება სჭირდება – მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, მოქალაქეების, ყველა იმ  სახელმწიფო სტრუქტურის, რომელსაც მცირედ მაინც ეხება  კონფლიქტების მოგვარების საკითხი; ამ პროცესში მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გამოყენება, რომლის ურყევობაც როდემდე გასტანს, არავინ იცის. 

რთულია, კონფლიქტების მოგვარების თუნდაც ერთი ადამიანის ხედვა რამდენიმე აბზაცში ჩამოაყალიბო, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავა, მართლაც დიდი და მრავალფეროვანი სირთულეებისა, რესურსი მაინც არსებობს. ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა გუდაუთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსულმა, ომის დროს ტყვედ ნამყოფმა და უცნობი ქართველი ჯარისკაცის წყალობით გადარჩენილმა აფხაზმა ომარ ძვაბავამ წლების წინ მითხრა, აქ დევნილი, ჩემი ქართველი კლასელი ვიპოვეო და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა.  ვფიქრობ, სახელმწიფოს ერთ-ერთი როლი სწორედ ამგვარი, სხვადასხვა შრესა და სფეროში გაბნეული რესურსის შესწავლა, თავმოყრა და იმ პროცესში გამოყენება უნდა იყოს, რასაც მთლიანობაში კონფლიქტების მოგვარება ჰქვია.

P.S. მართალია, პირდაპირ კონფლიქტების მოგვარებას არ უკავშირდება ეს ამბავი, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც მივუბრუნდები, რადგან ახალი ამბავია –  გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, 73-ე სესიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 79 ხმით 15 წინააღმდეგ მიიღო. 57-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. გასულ წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა. ეს ამბავი უკვე სტატისტიკად იქცა – წლიდან წლამდე მხოლოდ ციფრები იცვლება და დევნილები ამ რეზოლუციებით, სამწუხაროდ,  ერთი ნაბიჯითაც კი არ დაახლოებიან საკუთარ სახლებს… 

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი