ახალი ამბები

Freedom House: საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა

5 ივნისი, 2019 •
Freedom House: საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა

გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში „თავისუფლება და მედია, 2019“, სადაც საქართველოს პოზიცია ერთი ქულით არის გაუარესებული. საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს მინიჭებული. ეს არის საშუალო მაჩვენებელი შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 5 კი – საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.

ანგარიშში კონკრეტულად საქართველოზე საუბარი არ არის, თუმცა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ესაუბრა სარა რეპუჩის, რომელიც „ფრიდომ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორია კვლევისა და ანალიზის მიმართულებით.

„საქართველოს საუკეთესო შედეგები აქვს კავკასიის ქვეყნებს შორის. რეალურად, ჩვენი რეიტინგებით, ის ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და  საშუალო შედეგებს აჩვენებს გლობალური მასშტაბით. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, – უთხრა “ამერიკის ხმას” სარა რეპუჩიმ.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ“.

სარა რეპუჩი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში გრძელდება პკლება რესის თავისუფლების მხრივ, ეს კი არის პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კლებასთან ურთიერთდაკავშირებული საკითხი. რეპუჩი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ევრაზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთ-ჩრდილო აფრიკაში არსებულ კლებაზე.

რეპუჩის თქმით, ავტორიტარულ სხელმწიფოებში მედიის გასაკონტროლებლად გამოიყენება ტრადიციული. მეთოდები – დაპატიმრება, მუქარა, სიტყვის თავისუფლების შეზღდუვა და ა.შ. ისეთ ქვეყნებში კი, სადაც ლიდერებს დემოკრატიული მეთოდით ირჩევენ, განსხვავდება მედიაზე გავლენის მოპოვების გზები.

“დემოკრატიულად არჩეული ლიდერები შემდეგ იწყებენ მედიით მანიპულირებას ნიუანსირებული და არა მკაფიოდ და ცალსახად ტრადიციული, აგრესიული ფორმით. ისინი თანდათანობით ხელში იგდებენ კომუნიკაციის იმ არხებს, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია მოსახლეობამდე მიდის. ამ მხრივ ჩვეულ მეთოდებს შორისაა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები მფლობელობაში, ფინანსური რეგულაციების ცვლილება, ჟურნალისტებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევა და ასე შემდეგ. ასევე, პროაქტიული მხარდაჭერა „მეგობრული მედიების“ მიმართ; მეტი წვდომა სახელმწიფო ინფორმაციაზე; უკეთესი კონტრაქტები და სხვა ისეთი ქმედებები, რომელთა მიზანიც ისაა, რომ მედია ძალაუფლების მქონე ხალხს ემსახუროს და არა – საზოგადოებას”, – აცხადებს სარა რეპუჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი