თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პირველი ივლისიდან მეტროში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. ამ პერიოდში მეტრო მუშაობას ერთი საათით ადრე, 11 საათზე დაასრულებს. პროექტი 2020 წლის პირველ ივლისს დასრულდება.
კალაძე ამბობს, რომ დღესდღეობით ქალაქის მეტროს “მძიმე მდგომარეობა აქვს ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით”. მისი ინფორმაციით, მერია პროექტზე “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მუშაობს, რომელმაც უწყებას 15 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.
“გამოყოფილია15 მლნ დოლარი, რომელიც მოხმარდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას. რაც მეტრო გაიხსნა, მსგავსი ტიპის სამუშაოები ჯერ არავის უწარმოებია. პროექტის ფარგლებში 450 კმ. ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი თანამედროვე, ევროპული სტანდარტის კაბელებით. ასევე დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორები.
ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება პირველ ივლისს, პროექტი მზად არის, შემსრულებელი კომპანია არსებობს და პირველ ივლისს ვიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება“, – ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში მეტრო 1 საათით ადრე დაიკეტება და 6 საათიდან 11 საათამდე იმუშავებს.