კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტიის, “უდარის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა.
UNIAN წერს, რომ კლიჩკოს პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობაზე სააკაშვილი, სავარაუდოდ, დათანხმდა.
კლიჩკომ განაცხადა, რომ მისი პარტია უკრაინაში რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სააკაშვილს “სწრაფი და ეფექტური ცვლილებებისთვის გაერთიანება“ შესთავაზა.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს ერთობა გააორმაგებს ქვეყნის ცვლილებებისთვის საჭირო ძალისხმევას. ჩვენ ერთად გვაქვს ცვლილებების გეგმა და გვყავს ხალხი, ვისაც ამ ცვლილებების შესრულება შეუძლია,“ – ამბობს კლიჩკო, მის განცხადებას კი currenttime აქვეყნებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩაფრინდა. მანამდე, 28 მაისს, მას უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და შედეგად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 2017 წლის ივლისში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რის შემდეგაც ის გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი).