ჯიბღაშვილმა სასამართლოს მონასტრიდან დახასიათება წარუდგინა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოში მტკიცებულებებსა და დოკუმანტაციებს შორის სამების ტაძრის მამათა მონასტრის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც მსახიობისა და ბიზნესმენის პიროვნულ დახასიათებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

დღეს, 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

პროკურორის განცხადებით, სასამართლოზე მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

მოკლედ:

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს ორთაჭალაში დააკავეს, რა დროსაც  საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები იყო: კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

ლევან ჯიბღაშვილმა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა სასამართლო პროცესზე და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პროკურატურა პროცესზე ითხოვდა 15000-ლარიან გირაოს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ვრცლად:

რა დაგვანახა ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულისთვის დაკავება – გათავისუფლებამ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.