0.5659 გრამი კოკაინი და 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) – ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეტს განუცხადეს, რომ დასრულდა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ

უწყების ინფორმაციით, “განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით”.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ჯიბღაშვილმა აღიარა, რომ მისი ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებები ნამდვილად მას ეკუთვნის და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 15 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ჯიბღაშვილი გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან.

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” გუშინ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ჯიბღაშვილის გათავისუფლება უკავშირდება მის გავლენიან სანაცნობო წრეს და დამატებითი კითხვებით მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ამ ეჭვების გაფანტვის მიზნით.

ლევან ჯიბღაშვილი და კახა საბანაძე

ფეისბუკის პირად გვერდზე ჯიბღაშვილს არაერთ გავლენიან ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან. ჯიბღაშვილმა გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ის “ნახევარ საქართველოს” იცნობს და გავლენიანი ნაცნობებისთვის დახამრება არ უთხოვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.