ახალი ამბები

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მანიფესტაციის ჩატარება – ომბუდსმენი პრაიდზე

4 ივნისი, 2019 •
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მანიფესტაციის ჩატარება – ომბუდსმენი პრაიდზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც  განმარტავს, რომ ყველა ადამიანს კანონმდებლობით აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების კონსტიტუციური უფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის თაობაზე 2019 წლის 31 მაისს გავრცელებულ განცხადებას .სამინისტროს განმარტებით, შეუძლებელია დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

ლომჯარია ამბობს, რომ ორგანიზატორთა ცნობით, შსს-მ მათ შესთავაზა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა.

“საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან მათი სათანადო დაცვა”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ამასთანავე, ნინო ლომჯარია დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძველი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა ემსახურება კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევას, მისი გამოყენება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არის არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ზოგადი განცხადება, სამწუხაროდ, ვერ იქნება მიჩნეული ასეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ+ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას”, – წერია განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების განხორციელება შეიზღუდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს.

ამასთან, ლომჯარია ამბობს, რომ დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან.

“სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ლგბტ+ თემის განცხადებით, შსს-ს არა აქვს მათთან სათანადო კომუნიკაცია და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი