განათლების სამინისტროსთან სტუდენტთა ნაწილმა ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიის დროულად ჩარიცხვის მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც სტუდენტები ამბობენ, განათლების სამინისტრომ მინისტრის ბრძანების გამოცემა დააგვიანა, რის გამოც სტუდენტებს სტიპენდიები ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.
აქციის მონაწილეების თქმით, გასულ წელს მინისტრის ბრძანება მაისის დასაწყისში გაიცა, სტიპენდიები კი მაისის შუა რიცხვებში ჩაერიცხათ. მიმდინარე წელს კი, მათი თქმით, ბრძანება ამ დრომდე არაა გაცემული:
“საუბარია ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიაზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. ბიუჯეტში დამტკიცებულია თანხა და ეს არ არის ზედმეტ პროცედურასთან დაკავშირებული. პირველ როგში, სჭირდება პრეზიდენტის დადგენილება და შემდეგ- უკვე მინისტრის ბრძანება.
მინისტრის ბრძანების შემდეგ უნივერსიტეტებში იწყება შესაბამისი პროცედურები სტიპენდიების გასაცემად. პრობლემა არის, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტი სხვადასხვა პროცედურას ითვალისწინებს. ჩვენთვის ამჯერად უცნობია, სხვა რამე ბიუროკრატიული პროცესი არის თუ არა შეჩერებული ან შეფერხებული. სამინისტროში მივიღეთ პასუხი, რომ ჯერ არ არის ხელმოწერილი ბრძანება”, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის სტუდენტი გიორგი ლაზარიაშვილი.
მისი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიები მინისტრის ბრძანების მიღების შემდეგ გაიცემა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მინისტრის ბრძანების მიღების შემდეგ რიგი პროცედურებია გასავლელი, რის გამოც, თსუ-ის სტუდენტებს სტიპენდიების მიღება კიდევ უფრო უგვიანდებათ
სტუდენტების პროტესტის საპასუხოდ განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მინისტრის ბრძანება მზადაა და ანგარიშსწორების ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს.
უწყებაში ამბობენ, რომ სტიპენდიების გაცემამდე ყველა სტუდენტის გადამოწმება ხდება, მაგალითად, ხომ არ აქვს რომელიმეს სტატუსი შეჩერებული და ა.შ. სამინისტროს განცხადებით, პროცესი ამ პროცედურების გამო გაიწელა. თუმცა ამ დროისთვის ყველა დოკუმენტაცია მომზადებულია და უნივერსიტეტებს სტიპენდიების თანხა, სავარაუდოდ, ხვალ, 4 ივნისს დაერიცხებათ, რის შემდეგაც უნივერსიტეტები თავიანთი პროცედურების შესაბამისად სტუდენტებზე გასცემენ სტიპენდიებს.