ახალი ამბები

ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა არ დგას – კობახიძე თადუმაძის კანდიდატურაზე

3 ივნისი, 2019 •
ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა არ დგას – კობახიძე თადუმაძის კანდიდატურაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, “არაჩვეულებრივი რეპუტაცია და ძალიან დიდი გამოცდილება” აქვს და ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

“ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა, როგორც ასეთი, არ დგას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე არიან. ეს გადაწყვეტილება მიიღო შალვა თადუმაძემაც, ისევე როგორც არაერთმა სხვა პირმა, ვინც დღეს საჯარო სამსახურში არის წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში მონაწილეობის უფლება, რაც კანონში ასახული მთავარი მიღწევაა. კობახიძის თქმით, ახლა მთავარია, პროცესი სწორად წარიმართოს და 144-კაციანი სია ჯერ 50-მდე, შემდეგ კი 20-მდე იქნას დაყვანილი.

“ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ. როგორც ხედავთ, განსაკუთრებული კრიტიკა იმ ადამიანების მხრიდანაც კი ვერ მოჰყვა ამ 144-კაციან სიას, რომლებიც ზოგადად ყველაფერთან დაკავშირებით კრიტიკით გამოირჩევიან. ამან უკვე გამოაჩინა, რომ პირველ ეტაპზე ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა ამ პროცედურაში და ყოველი შემდეგი ნაბიჯი ასე უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილი 144-მა ადამიანმა გამოთქვა. ჩამონათვალი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.

უზენაესის მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და სხვები.

ამავე თემაზე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი