ახალი ამბები

გახარია „პრაიდზე“: შსს-ს ამოცანაა ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის

2 ივნისი, 2019 •
გახარია „პრაიდზე“: შსს-ს ამოცანაა ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თბილისის პრაიდზე საუბრისას აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს „ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის“.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორმა ქვიარ აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ შსს-მ მათ უარი უთხრა ღირსების მარშისას უსაფრთხოების გარანტიაზე. 2 ივნისს იმედის წამყვანის კითხვაზე ქვიარ აქტივისტების განცხადებაზე, შსს-ს სტრასბურგის სასამართლოში ვუჩივლებთო, გახარიამ უპასუხა:

„სტრასბურგში ჩივილი არის საქართველოს მოქალაქის უფლება და, რა თქმა უნდა, როგორც ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, ისე დავიცავთ ამ უფლებას. თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანაა, იპოვოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის. ეს პირველ რიგში გგამომდინარეობს ჩვენი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვიდან“, — განაცხადა გახარიამ.

„ეს არის ამოცანა, რომელსაც ვწყვეტთ. მე ამის იქით არ წავალ. მკაფიოდ ჩანდა ჩვენი პოზიცია განცხადებაში. ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ამ თემის წარმომადგენლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან“, — თქვა მან.

შსს-ს განცხადებით, ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

“სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

პრაიდის ჩატარება ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი